contactzine

ფოთლების დაწვის მავნე პრაქტიკა

კლიმატის ცვლილებაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული, სეზონური მოვლენა ფოთლების უკონტროლო დაწვის პრაქტიკაა. მართალია, ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების დაწვა, თუნდაც საკუთარი სახლის ეზოში, 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, თუმცა, მოსახლეობის ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ფოთლების თუნდაც მცირე რაოდენობით დაწვას.  შემოდგომის და გაზაფხულის პერიოდში, არაერთ ადგილას შევხვდებით ერთად მოგროვებულ, დასაწვავად გამზადებულ ფოთლებს.  და მაინც რა ზიანის მომტანია აღნიშნული მავნე პრაქტიკა ჩვენი ჯანმრთელობისთვის? წვისას წარმოქმნილი ნივთიერებები პირველ რიგში ჰაერში იფანტება და ქმნის ჰაერის დაბინძურების წყაროს. შესაძლოა ეს ნივთიერებები წვიმის სახით ნიადაგშიც კი მოხვდეს. 

 საკუთარი დაკვირვებიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა რომ ამ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდაა, რომელიც ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. და რატომ ადგილობრივ დონეზე? და რატომ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა? რამდენიმე სოფელსა და ქალაქშიც კი, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ფოთლების დაწვას და იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ჯარიმა მაღალია, ისინი მაინც აგრძელებენ ამის კეთებას. 

 და რა შეგვიძლია გავაკეთოთ? უფრო მეტად გავზარდოთ ჯარიმა? მაგრამ ჯარიმა საკმაოდ მაღალია.  იმისთვის რომ შევაჩეროთ ფოთლების დაწვა, ერთ-ერთი გზაა მოვიძიოთ კონკრეტული ადგილი, შევაგროვოთ ფოთლები და მოვახდინოთ ამ კონკრეტულ ადგილას გადატანა. 

 არსებობს კიდევ ერთი გზა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის, მოსახლეობას შეუძლია ფოთლები უბრალოდ დატოვოს და დაელოდოს სანამ არ შეუერთდება მიწას (არ ჩავა მიწაში), ამის შემდეგ ნიადაგი უფრო ნაყოფიერი გახდება. 

 შესაძლოა, ამ პრობლემის მოგვარებას დრო დასჭირდეს, თუმცა იმედი ვიქონიოთ რომ რამდენიმე საინფორმაციო და პრაქტიკული აქტივობის დახმარებით , მსგავსი პრობლემა აღარ იარსებებს.