contactzine

ურაბნიზაციის გავლენა ცხოვრების დონეზე

ურბანიზაცია თანამედროვეობისა და გლობალიზაციის ერთ-ერთი თანმდევი მოვლენაა,  რომელმაც  ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. ურბანიზაციის პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა XX საუკუნის მეორე ნახევარში, რაც გამოწვეული იყო მოსახლეობის მაღალი ბუნებრივი მატებითა და განვითარებად ქვეყნებში მრეწველობის განვითარებით, რასაც თან სდევდა ქალაქის მოსახლეობის ზრდა. 

მსოფლიოს ეკონომიკური ისტორია აჩვენებს, რომ ურბანიზაციის პროცესი და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთის ხელისშემწყობია. განვითარებული ქვეყნების გაზიარებული გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურბანიზაცია ხელს უწყობს შემოსავლების ზრდასა და ისეთი სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებას, როგორებიცაა: სიცოცხლის ხანგრძლივობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, განათლების დონე, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული ვითარებაა  განვითარებად ქვეყნებში, სადაც ქალაქები განიცდიან ორმაგ ზრდას, რაც გამოწვეულია მოსახლოების ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით, რასაც მუდმივი ხასიათი გააჩნია. ყოველივე ეს იწვევს ცხოვრების დონის გაუარესებას – ათასობით ადამიანი დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს, სადაც მათ ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობებიც კი  არ გააჩნიათ.