contactzine

გენდერული უთანასწორობა: პრობლემები და გამოწვევები

„ქალი ვიცი კუხნაში“, „ქალებს არ შეუძლიათ მანქანის კარგად მართვა“, „გოგოებმა უნდა ითამაშონ თოჯინებით, ბიჭებმა კი მანქანებით“ – ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მრავალი ფრაზა ხშირად ისმის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.  თითოეული ინდივიდი სამოქალაქო საზოგადოებაში ისწრაფვის თანასწორობისთვის, შესაძლებლობებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის. ზოგადი დაკვირვებით მარტივი მისახვედრია, რომ არსებობს დისკრიმინაცია ადამიანთა შორის. დისკრიმინაციის ერთ-ერთი მთავარი ვექტორი კი გადის გენდერულ განსხვავებულობაზე. 

გენდერული ნიშნით უთანასწორობა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა. 21-ე საუკუნეშიც კი, ქალებსა და მამაკაცებს მთელს მსოფლიოში არ აქვთ თანაბარი უფლებები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად: მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და სხვა უამრავი პოლიტიკის დოკუმენტი ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით. ადამიანები უფრო და უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთ უფლებებს და თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების უპირატესობებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე. დღეს საქართველოში ქალები ბევრ დაბრკოლებას აწყდებიან, მათ შორის ნაადრევი ქორწინება, ეკონომიკური სიდუღჭირე, გენდერული ნიშნით ძალადობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხილვადობის პრობლემები. სისტემური პრობლემები აისახება სტატისტიკაშიც, მაგალითად: სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით 151 ქალი მოკლეს 2014 წლიდან 2018 წალმდე. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მიხედვით („ადრეული ქორწინება- გამოწვევები და გადაწყვეტილებები (2016)“) – 2015 წელს 13 წლის ბავშვმა დატოვა სკოლა ოჯახის შესაქმნელად. მონაცემები იზრდება ასაკის ზრდასთან ერთად: 14 წლის – 16 გოგონა, 15 წლის – 65 გოგონა, 16 წლის – 143 გოგონა, ხოლო 17 წლის – 183 გოგონა. მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს გენდერული ნიშნით სელექციური აბორტების მხრივაც, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ქალების პრობლემები საქართველოში უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ხშირად, როცა დისკუსია მიმდინარეობს სოციალურ ინტეგრაციაზე, გენდერულ უთანასწორობაზე, განათლების პრობლემებზე, იქვე უნდა აღინიშნოს ქალთა მიმართ ძალადობა. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია ამ მხრივ. სტატისტიკურად ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობა გაიზარდა, ბევრმა ქალმა დაკარგა სამსახური, შემოსავლის წყარო და იძულებული გახდა სხვებზე დამოკიდებული გამხდარიყო.

როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, მოვაგვაროთ ეს პრობლემები? მე ვფიქრობ, რომ განათლება უნდა იყოს ჩვენი მთავარი აქცენტი. ოჯახში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში და სხვა დაწესებულებებში უნდა შევეცადოთ გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე ენა, დღის წესრიგში დავსვათ გენდერული საკითხები, ვიზრუნოთ განათლების სისტემის გაუჯობესებაზე და ხელი შევუწყოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.